|
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი გასული წლის ფინანსური შედეგებით კმაყოფილია. როგორც სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ალდაგი ბისიაის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, 2009 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 68 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა 48 მილიონი ლარი.
მისივე თქმით, კომპანიის პორტფელის დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ამ მიმართულებით მოზიდული პრემია 35 მილიონ ლარს შედაგენს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 30 მილიონ ლარს. პოპულარობით შემდეგია ავტომანქანის დაზღვევა - აღნიშნულ სახეობაში მოზიდული პრემია შედაგენს 12 მილიონ ლარს და ანაზღაურებული ზარალი 10 მილიონ ლარს, ქონების დაზღვევაში მოზიდული პრემია 5.5 მილიონ ლარია, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 5 მილიონი ლარი.
„გასული წლის ფინანსური შედეგები საკმაოდ წარმატებულია. კომპანია სადაზღვევო ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ მომსახურებას და ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს. ეს კურსი არ შეიცვლება და სერვისის გაუმჯობესებისა და ფილიალების გაფართოების შედეგად, ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას წელსაც ვიმედოვნებთ “ – დასძინა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გასული წლის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, რომ პირველად ქართულ სადაზღვევო ბაზარზე შეიქმნა იურიდიული მომსახურების და პროცესის ხარჯების დაზღვევის პროდუქტი. ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტები ფასის და პირობების გათვალისწინებით მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.
2009 წელს კომპანიამ კორპორატიულ დაზღვეულებს ახალი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტები შესთავაზა. სერვისის გაუმჯობესების მიზნით კომპანიამ შეიცვალა ოფისი და მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში ემსახურება. გასული წლის ბოლოს მეოთხე რეგიონალური წარმომადგენლობა ოზურგეთში გაიხსნა. იგეგმება ფილიალების გახსნა ახალციხესა და ზუგდიდში. სულ დღეისათვის კომპანიას უკვე 4 რეგიონალური ფილიალი აქვს.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი 2010 წელს სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ბენეფიციარებს კვლავ საუკეთესო პირობებს სთავაზობს. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებებთან ერთად ყველა დაზღვეული „პე-ეს–პეს“ სააფთიაქო ქსელში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. „ალდაგი ბისიაი“ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მისი ამოქმედებისთანავე მონაწილეობს. პროგრამით დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 400-მდე სამედიცინო პროვაიდერი დაწესებულება ემსახურება. 2007 წლიდან დღემდე „ალდაგი ბისიაიმ“ სიღარიბის ზღავრს ქვემოთ მყოფ 50 000-მდე ბენეფიციარს 15 მილიონ ლარამდე სამედიცინო მომსახურება გაუწია.
2010 წლის დასაწყისში იგეგმება „ჩემი ოჯახის კლინიკი”-ს ბათუმის ფილიალის გაფართოება, მას დაემატება ქირურგიული, ტრავმატოლოგიური განყოფილებები. „ალდაგი ბისიაი“ ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით საკუთარ კლინიკების ქსელს ფლობს, ჩემი ოჯახის კლინიკები განთავსებულია თბილისსა (3 ფილიალი) და ბათუმში, ხოლო 35 საწოლიანი ჰოსპიტალი ქუთაისში.
“რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, 2010 წელს კომპანიისთვის, როგორც ყოველთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება ზრუნვა სერვისის გაუმჯობესებაზე, ასევე ვგეგმავთ ახალი სადაზღვევო პროდუქტების შექმნას, სოციუალური პროექტების განხორციელებას და მრავალი საინტერესო აქციის განხორციელებას,” – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
„ალდაგი ბისიაის“ ინდივიდუალური მომხმარებელი 250 ათასს, ხოლო კორპორატიული 2500-ს აჭარბებს. კომპანია თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან. „ალდაგი ბისიაი“ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოების მფლობელია.
19.02.2010:
|